გერმანიაში ბევრი მაგარი დერბია. ერთ-ერთი საუკეთესო რაინის დერბი გახლავთ - მიონხენგლადბახის ბორუსიას და კიოლნის დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს. ეს თამაში დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი ციკლონის, “საბინეს” გამო გადაიდო. ინფორმაცია თამაშის გადადების შესახებ დღეს დილით ოფიციალურად დადასტურდა.
ძლიერი გრიგალი მიონხენგლადბახში იმ დროს არის მოსალოდნელი, როცა თამაში უნდა დამთავრებულიყო და რაკი გულშემატკივრების უსაფრთხო დაბრუნება აღარ იყო გარანტირებული, მატჩი გადაიდო.
“გულშემატკივრების უსაფრთხოების მიზნით თამაში გადადებულია. საფეხბურთო კლუბმა ბორუსიამ ეს გადაწყვეტილება ქალაქ მიონხენგლადბახის მერიასთან, სახანძრო სამსახურთან, პოლიციასთან და გერმანიის საფეხბურთო ლიგასთან შეთანხმების შემდეგ მიიღო,” - ვკითხულობთ გლადბახის განცხადებაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება რაინის დერბი.
რაც შეეხება ტურის ცენტრალურ მატჩს მიუნხენის ბაიერნსა და ლაიპციგს შორის - ეს თამაში შედგება.