"სად მქონდა ტვინი ასეთ ქალს რომ..." - პიპო ინძაგის LoveStory

მასზე ალექს ფერგიუსონმა თქვა: "თამაშგარეში დაიბადაო". იგი თავს სხვებზე უკეთ მეკარის ბაქანზე გრძნობდა. იქ, სადაც წესით ყველაზე უკეთ თავს გოლკიპერები უნდა გრძნობდნენ. ფილიპო ინძაგი მთელი თამაშის განმავლობაში შესაძლოა უქმად მდგარიყო, მაგრამ მოწინააღმდეგე ოდნავ მოადუნებდა თუ არა ყურადღებას, პიპო გასხლტებოდა და იქ გაჩნდებოდა, საიდანაც მეტოქის კარის ბადეში ბურთის შეგორება იყო შესაძლებელი.

პიპოს არ გაჰქონდა ისეთი ბურთები, საუკეთესო გოლების აღლუმში წამყვან პოზიციებს რომ დაიკავებდნენ, მაგრამ გოლეადორისთვის და მისი გუნდისთვის მთავარი შედეგი იყო. მიზანი ამართლებდა საშუალებას და ხარისხსაც.

საფეხბურთოს პარალელურად ინძაგის მეორე ფრონტიც ჰქონდა გახსნილი. თამაშებს იქაც ხშირად იგებდა, რაც ქალების გულების მოგებაში გამოხატებოდა.
იტალიურ მედიას ფეხბურთელების სასიყვარულო ისტორიების შესახებ წერა საკმაოდ ხიბლავს. აპენინელი ჟურნალისტებისთვის ინძაგი მუდამ კარგი საკბილოა, რადგან პიპო ერთხანს დგას თითქოს უსაქმოდ, როგორც საფეხბურთო მინდორზე და მერე უცებ, მორიგი ლამაზმანის კამპანიაში ნახავს საზოგადოება. აღმოჩნდება, რომ თურმე ამ ლამაზმანის გული მოუნადირებია.

და განა ფეხბურთივით აქაც ნაკლებადაა აქცენტირებული იმაზე, თუ რამდენად ლამაზი გამოვიდა გოლი. პირიქით, აუცილებელია, რომ რომანი რომანტიულ იტალიელს რაც შეიძლება ლამაზი გამოუვიდეს.

გოლები პიპოს დიდწილად გრანდებისთვის გაჰქონდა, გრანდებიდან კი "იუვენტუსის" და "მილანის" მაისურა მოურგია. სანაკრებო ფლანგზე მან "სკუადრა აძურა" ახეირა ბევრჯერ. ფილიპო გულუხვი მეგოლე გახლდათ. ამაზე თქვა კიდეც ადრე: "გოლები ნარკოტიკივითაა – ისინი ვერასოდეს იქნება საკმარისი".
ასეა ქალებთან მიმართებაშიც. ნარკოტიკივითაა – ისინიც ვერასოდეს იქნება საკმარისი.

"ყველა გოლი ჩემთვის მისტიური გამოცდილების შეძენააო". ესეც პიპოს მოსაზრებაა. ჰოდა, სასიყვარულო ფრონტზე შეძენილი გამოცდილებაც არაა უმნიშვნელო ინძაგისთვის.

თუმცა სანახაობრივი თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველი გოლების არ იყოს ფეხბურთიდან პირდაპირ არც ცრუ მოძრაობა გადმოუღია. ქალებს არ ატყუებს. პირიქით ხაზგასმით ამბობს, რომ არასოდეს არავინ მოუტყუებია.

ფორვარდის გოგონების შესახებ იტალიური პრესა დიდი ხნის განმავლობაში წერდა, თუმცა ხშირად კიდეც ამეტებდა. რა ჰქნას პრესამ? თამაშგარეს ზღვარზე მოთამაშე მექალთანეს დროული გამოჭერა ძნელია და ხანდახან წინასწარ "თადარიგსაც" იჭერდა.

ფილიპოს, საკუთარი კარიერის შუაწელამდე შედარებით გახმაურებული რომანი სამანტა დე გრენესთან ჰქონდა.

გარდა ამისა, ურთიერთობდა ფედერიკა ფონტანასთან, აიდა ესპიკესთან, დანიელა დრაგოსთან. როგორც "სერია ა"-ს ფეხბურთელთა უმრავლესობა, პიპოც უპირატესობას ანიჭებდა მოდელებს.

თუმცა ისეთი ღრმა და წარმატაცი რომანი როგორიც ალისია ვენტურასთან იყო, ამ ფეხბურთელს სხვა არ ჰქონია. ალისია მოდელიცაა, ტელეწამყვანიც და მოცეკვავეც. სამშობლოში მას ბევრი მამაკაცი ეტრფოდა, თუმცა ბომბარდირმა არ იჩქარა. აქაც თამაშგარის ზღვრაზე თამაშს მიმართა, ჩაუსაფრდა და ეფექტური ქალის მოსანადირებლად სათანადო დრო შეარჩია. ნაცნობობა 2008 წელს შედგა. ინფორმაციის მოპოვება დააგვიანა მედიამ, მეტიც მას უხეირო თანამსაჯივით "ოფსაიდის" ზღვარზე მოთამაშე ფეხბურთელის მოძრაობა გამოეპარა და ისევ ფეხბურთელისგანვე შეიტყო სიახლე.

პიპომ ინტერვიუში აღიარა, რომ იპოვა ქალი, რომელსაც დიდ ხანს ეძებდა, რომ ის ბედნიერი იყო და ოჯახის შექმნაზეც კი დაფიქრდა. არადა, ოჯახის შექმნა ინძაგისთვის იმთავითვე შორი პერსპექტივა გახლდათ.

ალისიასთან ურთიერთობის გაჩაღებაზე ინფორმაციის გაჟღერებიდან ცოტა ხანში ინძაგის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ მარი ფრიშომ განაცხადა, რომ მიუხედავად ფეხბურთელთან რომანის აქტიური ფაზის დასრულებისა, მას პიპო ისევ ხვდებოდა.

ასეთ პროვოკაციას ყოფილი საყვარლები ხშირად მიმართავენ. თუმცა ფრიშოს შემთხვევაში შესაძლოა ეს არც ყოფილა პროვოკაცია. მთავარი ისაა, რომ ალისიამ ყურადღება არ გაამახვილა მოარულ ხმებზე და ფეხბურთელს აპატია "უფლებებიდან გადაცდომა". შეყვარებულები თავბრუდამხვევ რომანში გაეხვნენ, ეფიცებოდნენ ერთმანეთს სიყვარულს, ხვდებოდნენ მედიის თანდასწრებით, ლაღობდნენ. ორივე ტკბებოდა ერთმანეთთან ურთიერთობით და ორივეს სჭირდებოდა ერთმანეთი. პიპოს ბუნებრივია მოსწონდა ლამაზ ქალთან კამპანიაში ყოფნა და ალისიასაც ემაყებოდა, რომ უაღრესად პოპულარული ფეხბურთელი მისი საქმრო იყო. მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ დაქორწინებაზე აზრი შეიცვალეს, ხოლო 2011 წელს, სამი წლის ერთად ყოფნის შემდეგ სულაც დაშორდნენ.

დაშორება მოგვიანებით ორივემ ინანა. ინძაგიმ თქვა: "უტვინო ვიყავი, რომ ასეთ ლამაზ გოგონას წასვლის უფლება მივეცი. ის საოცრად ლამაზი, ამასთან ბრწყინვალე ხასიათის გახლდათ. ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, მაგრამ რატომღაც დიდხანს ვერ განვაგრძეთ ურთიერთობა" - ამბობს თამაშგარეში დაბადებული.
ეს "რატომღაც" პიპოს ახალი შეყვარებული იყო, უფრო ზუსტად კი ღალატი მორიგ ლამაზმანთან, რა თქმა უნდა მოდელთან.

მცირე ხანს გაგრძელებულ ახალ მიკრო რომანს, ლიტერატურულ ჭრილში რომ შევხედოთ, რომანს კი არა უფრო "ნოველას" - მალე დაესვა წერტილი.
ფეხბურთელმა არ დამალა, რომ გვარიანად განიცდიდა ვენტურასთან განშორებას და უძილო ღამეების შესახებაც გამოუტყდა ჟურნალისტებს. უძილო ღამეებთან დაკავშირებითაც შეიძლება პარალელის გავლება პიპოს კარიერასთან, ოღონდ მისი გამომწვევი სიხარული იყო. "ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2007 წელი, "მილანი" - "ლივერპული" 2:1) დუბლი რომ შევასრულე ათი დღე აღარ მიძინია" - თქვა ინძაგიმ.

მერე ალისია ვენტურაც გამოუტყდა მედიას, რომ პიპო იყო პირველი ადამიანი, ვისთანაც ქორწინებაზე ჩამოაგდო სიტყვა. "ჩვენი განშორების ტკივილი ყველაზე დიდი ტკივილი იყო, რომელიც ბაბუაჩემის სიკვდილის შემდეგ განვიცადე" - ასე გადმოსცა მოდელმა უინძაგობით მოტანილი დარდი.

"ჩემი კარიერა სამართლიანობის ზუსტი გამოხატულებაა. რამდენიც ჩავდე და როგორც ვითამაშე, იმდენს მივაღწიე" - ამბობს "თამაშგარეში დაბადებული მექალთანე", რომელმაც მეორე ფრონტზეც იმდენს მიაღწია, რამდენიც ჩადო.

ფილიპო ინძაგი

მსგავსი პოსტები

"სად მქონდა ტვინი ასეთ ქალს რომ..." - პიპო ინძაგის LoveStory

ფილიპო ინძაგი უმუშევარი დარჩა, "ბოლონიას" გადარჩენა კი სინიშას დაავალეს

ფილიპო ინძაგი იტალიის სერია B-ს ბინადარ გუნდს გაწვრთნის