"როგორც წესი, წლის დასკვნით თამაშს ყოველთვის კარგ ფორმაში ვხვდებით" - მერაბ შარიქაძისა და მილტონ ჰეიგის პრესკონფერენცია

24 ნოემბერს, "ბორჯღალოსნები" ტონგასთან მატჩს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართავენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ქართული რაგბის 2010 წლიდან თანამშრომლობენ და ზემოთნახსენებ კამპანიას არაერთი მატჩი მიუძღვნეს. ტრადიცია არც ამჯერად ირღვევა და "მიხეილ მესხის" მოედანზე ჩვენს ნაკრებს HeForShe-ს მაისურებში გამოწყობილი ბავშვები გააცილებენ. კამპანიის ფარგლებში ტრიბუნებზე რაგბის ბურთებსაც დაარტყამენ.

"ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. არაერთხელ მითქვამს, რომ პირადად ჩემთვის, როგორც ორი გოგოს მამისთვის, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. რაგბი არის პლატფორმა, რომლითაც ამ ინიციატივის გაზიარება მთელი ქვეყნისთვისა და საზოგადოებისთვის  ხდება. ჩვენ ვამაყობთ, რომ მისი ნაწილი ვართ"  - განაცხადა მილთონ ჰეიგმა.

პრესკონფერენცია

დღეს დილით ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების დასკვნითი მატჩის წინ "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

მილთონ ჰეიგი: "სამი კვირაა შეკრებაზე ვართ და მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ძალიან კარგი მოსამზადებელი კვირა გვქონდა. აუცილებლად უნდა გავითავისოთ ის სათამაშო სტილი, რასაც ტონგას ნაკრები შემოგვთავაზებს".

"ტონგა მსოფლიოს სარაგბო სამყაროში გამორჩეულია, როგორც ფიზიკურად ძლიერი გუნდი. შესაძლებელია, რომ ხვალ ბურთი არც გაიშალოს და თამაშში მრავლად იყოს ახლო დარტყმები. სწორედ ამიტომ, შეცვლაზე 6 მორკინალი და 2 ხაზის მოთამაშე გვყავს გარდა ამისა, მესამე ხაზის ახალგაზრდა ბიჭებმა განვლილ ორ შეხვედრაში მოედანზე დიდი დრო გაატარეს და ესეც გავითვალისწინეთ".

"ხმალაძემ წინა მატჩი 15 ნომერზე დაიწყო და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ის ამ ამპლუის მოთამაშე არაა, თუმცა გვსურს, რომ სხვადასხვა პოზიციებზე სიღრმეები შევქმნათ. მერაბ კვირიკაშვილი თამაშში შეცვლიდან ჩაერთვება, მას ფულბეკის გარდა 10 ნომერზეც შეუძლია თამაში და ფრთაზეც".

მერაბ შარიქაძე: "როგორც წესი, წლის დასკვნით თამაშს ყოველთვის კარგ ფორმაში ვხვდებით. ყველა ვაანალიზებთ, რომ ტონგა სამოაზე ძლიერია და შესაბამისი განწყობით ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის".

"გვაქვს იმედი, რომ ჩვენ უფრო კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ, ვიდრე ტონგელები. ვფიქრობ, მეტოქე თამაშს უფრო მაღალ ტემპში და ხარისხში დაიწყებს, ვიდრე დაამთავრებს. ჩვენი სტრატეგია ის იქნება, რომ ვიყოთ მომთმენები, ტონგას არ მივცეთ ის უპირატესობა, რაც სამოას მივეცით და თუ ჩვენ შევძლებთ ამ უპირატესობის მოპოვებას, ის რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ და ბოლოსკენ ტემპს მოვუმატოთ".    

 

მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნები მერაბ შარიქაძე

მსგავსი პოსტები

რუსები გვემუქრებიან - "რაგბზე ქართველებთან ანშლაგი იქნება და მათ აუცილებლად დავამარცხებთ"!

ცნობილია, რომელ ქალაქში და როდის უმასპინძლებს რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებს"

მერაბ შარიქაძე: ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და გამონაკლისი არც იტალიასთან მატჩი იქნება