ტონგას ნაკრები - რას წარმოადგენს "ბორჯღალოსნების" მომავალი მეტოქე

თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნები 24 ნოემბერს ტონგას ეთამაშებიან. "მიხეილ მესხზე" შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. ბილეთები, რომელთა ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია, სტადიონის სალაროებსა და ონლაინ იყიდება. 

95-წლიანი ისტორია

ტონგას რაგბის კავშირი 1923 წელს დაარსდა და რაგბი ქვეყანაში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1924 წელს გამართა და ფიჯი 9:6 დაამარცხა.

ნაკრების მეტსახელი "იკალე ტაჰი" ზღვის არწივს ნიშნავს და მან ყველაზე დიდი სხვაობით 2003 წელს სამხრეთ კორეა დაამარცხა - 119:0, თავად კი 2000 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა 0:102. ტონგელებს "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ 5-ჯერ აქვთ ნათამაშები, 12-ჯერ შეხვდნენ "მაორებს" 4-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი დონის წამყვან გუნდებთან კუნძულელებს ხშირად უწევდათ თამაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც იზეიმეს. 1973 წელს "ზღვის არწივებმა" ავსტრალია ბრისბენში 16:11 დაამარცხეს, საფრანგეთს 1999 წელს 20:16, ხოლო 2011 წლის მსოფლიო თასზე 19:14 სძლიეს. შეგახსენებთ, იმ წელს ფრანგებმა მსოფლიო თასის ფინალში ითამაშეს და მასპინძელ ახალ ზელანდიასთან 7:8 დამარცხდნენ.

ტონგას ორჯერ ყავს დამარცხებული იტალია - 1999 წლის მსოფლიო თასზე 28:25 და 2016 წელს პადოვაში 19:17, ხოლო 2012 წელს შოტლანდიას აბერდინში 21:15 მოუგეს. ბორჯღალოსნებს "ზღვის არწვებთან" 6-ჯერ უთამაშიათ და 4 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვეს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი 2015 წლის მსოფლიო თასზე, 17:10 მოგება იყო. მას შემდეგ მეტოქეს კიდევ ორჯერ მოვუგეთ და გუნდთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, დადებითი ბალანსი გვაქვს.

ტონგამ 7 მსოფლიო თასზე ითამაშა, საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ 1991 წელს ვერ გადალახა და 7 მოგების წილ 18 მარცხი აქვს. კუნძულელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი თამაში 2007 და 2011 წლებში მოიგეს, 1995, 1999 და 2015 წლებში კი თითო გამარჯვება იზეიმეს.

თბილისში გამომგზავრებამდე ტონგამ "ფრანგი ბარბაროსები" 49:38 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს უელსთან 24:74 დამარცხდა, თუმცა 45-ე წუთამდე ანგარიში 24:24 იყო.

ტონგამ სამი შეცვალა

ტონგამ უელსთან განცდილი მარცხის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სამი მორაგბე შეცვალა - კვაჭი, შერკინების შემკვრელი (8) და ცენტრი. სამაგიეროდ მრავლადაა ცვლილებები მარქაფაში.

"ზღვის არწივების" 23-ივე მორაგბე ლეგიონერია და მათი უმრავლესობა ევროპაში თამაშობს - 8 საფრანგეთში, 4 ინგლისში და ერთი უელსში. 9 ლეგიონერი ახალ ზელანდიურ, ხოლო ერთი ავსტრალიურ კლუბს წარმოადგენს.

ტონგელთა შემადგენლობაში გამორჩეული მორაგბეა ფულბეკი ვუნგაკოტო ლილო, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტი, 43 მატჩი აქვს ჩატარებული, 12 ლელო გაიტანა და გუნდს ჯამში 87 ქულა შესძინა. მას ნათამაშები აქვს სამ მსოფლიო თასზე (2007-2015), იცავდა ‘ბრისტოლის’, ‘ბორდოსა’ და ‘ტარბის’ ღირსებას, 2015 წლიდან კი ‘მონტობანში’ თამაშობს.

გამოცდილია მარცხენა ბურჯი სიგფრიდ ფისი’იჰოი, რომელსაც ორი წელი ზე-რაგბის ‘ჩიფსში’ აქვს გატარებული, ბოლო ორი წელია კი ‘სტად ფრანსეს’ ღირსებას იცავს. ინგლისის პრემიერშიფში თამაშობს 9 ნომერი სონატანე ტაკულუა, რომელიც კუნძულელთა მთავარი დამრტყმელია და მის ანგარიშზე 172 ქულაა (29 ტესტი).

ტონგას თადარიგში ყავს ‘რასინგის’ ბურჯი ბენ ტამეიფუნა, რომელიც 2012-2015 წლებში ზე-რაგბის ‘ჩიფსში’ თამაშობდა, მიწვეული იყო ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში, ასევე ახალი ზელანდიის ბარბაროსებში. 2015 წლიდან ის პარიზულ კლუბში გადავიდა, შარშან კი მშობლიური ტონგას ეროვნულ ნაკრებში დაუძახეს და დღემდე 6 კეპი მოიხვეჭა. აღსანიშნაია რომ მან, 2018 წლის ივლისსა და აგვისტოში რასინგის შემადგენლობაში ზაფხულის თასზე თბილისში არგენტინა XV-სა და ბრაზილიის წინააღდეგ ითამაშა.

მომზადებულია RUGBY.GE-ის მიხედვით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბორჯღალოსნები

მსგავსი პოსტები

რუსები გვემუქრებიან - "რაგბზე ქართველებთან ანშლაგი იქნება და მათ აუცილებლად დავამარცხებთ"!

ცნობილია, რომელ ქალაქში და როდის უმასპინძლებს რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებს"

La Gazzetta Dello Sport: ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ საქართველო იტალიის დონისგან შორსაა