სამი ახალი მოთამაშე - მილტონ ჰეიგმა ტონგასთან შეხვედრისთვის ორ გამოცდილ და ერთ დებიუტანტ მორაგბეს უხმო

სამოას ნაკრების 27:19 ძლევის შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" ერთი დღე დაისვენეს, ორშაბათიდან კი თიბისი რაგბის სერიების და 2018 წლის დასკვნით მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ. მილთონ ჰეიგის შეგირდები 24 ნოემბერს ტონგას ერკინებიან.

შეხვედრა 18 საათზე, "მიხეილ მესხზე" დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთები იყიდება ონლაინ და ასევე მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11-დან 19 საათამდე. 

ორი გამოცდილი და ერთი დებიუტანტი 

ჰეიგმა ტონგასთან მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ახალი მოთამაშე შეიყვანა, რომელთაგან ორი გამოცდილი ბორჯღალოსანია, ხოლო ერთი დებიუტანტია. 

ტრავმა მოიშუშა და მომავალი თამაშისთვის ემზადება ყველაზე მეტი კეპის მფლობელი, ირველი ქართველი ცენტურიონი და საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი.

35 წლის მორაგბე ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, მონაწილეობდა ოთხივე მსოფლიო თასზე და "ბორჯღალოსანთა" კვართი 114-ჯერ მოირგო. მის ანგარიშზე 833 (16 ლელო, 147 გარდასახვა, 150 ჯარიმა და 3 არეკნი) ქულაა.

მეკოს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშია და მეტოქე 3-ჯერ ყავს დამარცხებული. მან კუნძულელებთან ჯამში 27 ქულა გააკეთა. ტრავმა მოიშუშა და ნაკრებთან ერთადაა 27 წლის მესამეხაზელი გიორგი (კოკი) თხილაიშვილი, რომელმაც ტონგას 2015 წლის მსოფლიო თასზე, ისტორიული გამარჯვებისას ლელო გაუტანა.

მას ამ მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია და მსოფლიო თასის გარდა 2016 წელს, წყნარი ოკეანის ტურნეზეც დაამარცხა, წელს კი ოკეანეთში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა. კოკის ანგარიშზე ჯამში 45 კეპი და 10 ლელოა. 

"ლელო-სარასენსის" აღზრდილი მეორე-მესამე ხაზელი ბექა საღინაძე დებიუტანტია. ის "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე ადრეც ყოფილა, მაგრამ ეროვნულის კვართით ჯერ არ უთამაშია. სამაგიეროდ ითამაშა ზედიზედ ორ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში და გულშემატკივარს თავი დაამახსოვრა.

ზაფხულში ის პრო დე2-ის "ორიაკმა" წაიყვანა, სადაც ესპუარებში თამაშობს. 

მეშვიდედ ტონგასთან 

ბორჯღალოსნებს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშია და დადებითი ბალანსი აქვს - 4 მოგება და 2 მარცხი, თუმცა ჩვენს მიერ გატანილი 9 ლელოს წილ მიღებული გვაქვს 17 და გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსიც მათ სასარგებლოდაა - 99:132. 

ლელოთა და ქულების ასეთი სტატისტიკა შორეულ წლებს უკავშირდება. ტონგას პირველად 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შევხვდით და ნუკუალოფაში მასპინძლებმა 37:6 იმარჯვეს, განმეორებით შეხვედრაში კი, "ეროვნულზე" (დინამო არენა), ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით რევანში ავიღეთ და 28:27 ვიმარჯვეთ, თუმცა მაშინ მსოფლიო თასზე მეტოქე გავიდა (ორი მატჩის ჯამში). 

2014 წელს ტონგელები თბილისს მეორედ ეწვივნენ და ტესტ-მატჩში 23:9 იმარჯვეს. მას შემდეგ მეტოქეს სამჯერ ვეთამაშეთ და სამივეჯერ ნეიტრალურ მოედანზე. თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანში 2015 წლის მსოფლიო თასზე, გლოსთერში შედგა.

შესანიშნავად მობურთალმა ბორჯღალოსნებმა, მამუკა გორგოძისა და კოკი თხილაიშვილის ლელოებით, ასევე მერაბ კვირიკაშვილის 7 ქულით, პრინციპულ შეხვედრაში 17:10 იმარჯვეს და იმ წელს მსოფლიო თასზე მეორე თამაშიც მოიგეს, რაც საქართველოს ნაკრებისთის ისტორიული შედეგია. 

2016 წელს რევანშს მოწყურებულ ტონგას წყნარი ოკეანის ტურნეზე ფიჯიზე, სუვაში ვეთამაშეთ და დავით კაჭარავას წყვილი ლელოთი 23:20 ვძლიეთ. აღსანიშნავია, რომ "კაჭიმ" მეორე, გამარჯვების ლელო გაწითლებულ დროზე გაიტანა. იმ თამაშში 3 ჯარიმა და 1 გარდასახვა (11 ქულა) კვირიკაშვილმა მოაგროვა, ხოლო ბოლო გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ შეასრულა. 

წელს, ივნისში, ტონგას კვლავ სუვაში "წყნარი ოკეანის თასზე" ვეთამაშეთ და მეოთხედ ვძლიეთ - 16:15. მატჩის ყველა ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა. მან კუნძულელებს ჯერ ლელო გაუტანა და გარდასახა, მერე კი მონაგარს 3 ჯარიმა შემატა. ამრიგად, ტონგა სამჯერ გვყავს დამარცხებული ნეიტრალურ მოედანზე და ერთხელ თბილისში. წელს ეს გუნდი საქართველოს დედაქალაქში მესამედ ჩამოდის. მოცემული მომენტისთის ტონგა 73,84 ქულით მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, საქართველო კი 72,60 ქულით მე-15 პოზიციაზეა.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით

მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნები მერაბ კვირიკაშვილი

მსგავსი პოსტები

რუსები გვემუქრებიან - "რაგბზე ქართველებთან ანშლაგი იქნება და მათ აუცილებლად დავამარცხებთ"!

ცნობილია, რომელ ქალაქში და როდის უმასპინძლებს რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებს"

სამი ახალი მოთამაშე - მილტონ ჰეიგმა ტონგასთან შეხვედრისთვის ორ გამოცდილ და ერთ დებიუტანტ მორაგბეს უხმო