საშინელი კადრები - გუნდური ჩხუბი "ვიტ ჯორჯიასა" და "სარაევოს" ფეხბურთელებს შორის [VIDEO]

თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" მორიგი შეხვედრა გამართა, რომელიც ვადაზე ადრე დასრულდა. 

"ფარმაცევტები" ბოსნიურ "სარაევოს" დაუპირისპირდნენ და მატჩი ხელჩართული ჩხუბის გამო 83-ე წუთზე შეტყდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. 

აღნიშნულთან დაკავშირებით "ვიტ ჯორჯიამ" შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა. გუნდი ამჯერად ბოსნიურ "სარაევოს" დაუპირისპირდა. თამაში ვადაზე ადრე, ფრედ - 2:2 დასრულდა.

ბოსნიელებმა მატჩი თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე უკრაინელი არბიტრი იძულებული შეიქმნა თამაშის წესების უხეში დარღვევის გამომოედნიდან ჯაჰიჩი გაეძევებინა.

მიუხედავად მეტოქის ზღვარს გადასული ქმედებისა, "ვიტჯორჯიელებმა" გამოიჩინეს კეთილი ნება და მეტოქე გუნდს გაძევებული მოთამაშის სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლების საშუალება მისცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ მსაჯს თამაშის სადავეები თავიდანვე გაექცა, რაზეც მოგვიანებით გავამახვილებთ ყურადღებას... 

წითელ ბარათს "ვიტ ჯორჯიელთა" გოლი უძღვოდა, მეთერთმეტე წუთზე "სარაევოს" კარში გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 1:0. პირველი ნახევარი ასეც დასრულდა. 

მეორე ტაიმის სტარტზე მოწინააღმდეგე გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 47-ე წუთზე გოლი შიშიჩმა გაიტანა - 1:1.

"ვიტ ჯორჯიელებმა" საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი 51-ე წუთზე მიიღეს, გატანილი ბურთი პირად აქტივში შოფრანაჩმა მიითვალა - 1:2. "ვეტერინარებმა" ანგარიშში წონასწორობა 75-ე წუთზე აღადგინეს, პაატა ღუდუშაურმა ფენომენალურად ითამაშა, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და პენალტი გოლადაც აქცია - 2:2.

გაშვებული გოლის შემდეგ "სარაევოს" ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, ამას თან დაერთო მსაჯის გულგრილი დამოკიდებულება და ტრიბუნაზე მჯდომი "სარაევოს" ფეხბურთელების ნაწილის ირონიული და პროვოკაციული შეძახილები და ქმედებები, შედეგად 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა  კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიტ ჯორჯია სარაევო

მსგავსი პოსტები

საშინელი კადრები - გუნდური ჩხუბი "ვიტ ჯორჯიასა" და "სარაევოს" ფეხბურთელებს შორის [VIDEO]

"ვიტ ჯორჯიამ" "სამტრედია" გაანადგურა და უძლიერესთა შორის დაბრუნდა

მარტვილის "მერანი" ეროვნული ლიგა 2-დან გავარდა